ნარკოდამოკიდებული ქალები და საზოგადოების სტიგმა
ნარკოდამოკიდებული ქალები და საზოგადოების სტიგმა

ავტორი:  ოლიკო ცისკარიშვილი


ვაკეში, მრგვალ ბაღთან, მცხეთის ქუჩაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალ ვექტორში," პატარა ოთახში ხშირად იკრიბებიან ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალები. აქ ისინი სწავლობენ კერვას და ხშირად სამკაულებსაც აკეთებენ.


"ოთახი პატარაა, კარგი იქნებოდა, სარკმელი მაინც ქონდეს, თუმცა მაინც დიდი სიამოვნებით მოდიან აქ ქალები," - გვეუბნება 52 წლის სოცმუშაკი, რომელიც ადრე თავად იყო ნარკოდამოკიდებული და თავის ისტორიასაც გვიყვება: "პირველად,  20 წლის ასაკში გავსინჯე, მაშინ ვხვდებოდი ბიჭს, რომელიც თავად მომხარებელი იყო. შემომთავაზეს. დამაინტერესა და  გავსინჯე," - ამბობს იგი და აღიარებს, რომ თავიდან არ მოეწონა. ვარაუდობს, რომ  ზედოზირებამ უკურეაქცია მოახდინა. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, კიდევ რომ შესთავაზეს კიდევ გასინჯა. - "ეტყობა ის ცუდი დამავიწყდა და რაც კარგი იყო, ის მახსოვდა. მეორედ ისევ ჩემმა მეგობარმა შეომთავაზა. სულ ხუთი წუთი ვორჭოფობდი,  მერე ისევ გავიკეთე. ყოველთვის შემომთავაზებელი კაცია," - ამბობს იგი და ირწმუნება, რომ ქალების უმრავლესობა, რომლებიც დღეს ნარკოდამოკიდებულები არიან, სწორედ მათი მეგობრების, ქმრების გამო არიან დამოკიდებულნი. აღსანიშნავია, რომ ნარკოდამოკიდებულების მქონე ადამიანების 2/3 ნარკოტიკების გამოყენებას იწყებს მოზარდობის პერიოდში. ამ დროს, ხშირია გართობის მიზნით ნარკოტიკების გამოყენება და როგორც წესი, ამ ტიპის მოხმარებას, თვითონ მომხმარებელი პრობლემად არ აფასებს. ასე ფიქრობდა ჩვენი რესპონდენტიც, - "თავიდან მეგონა რომ იგონებდნენ, რომ ლომკა არსებობს. ვიძახდი: თუ მე არ მაქვს, სხვას რატომ უნდა ქონდეს, მერე ვიძახდი, რომ ისეთი შტერი როგორ უნდა იყო, რომ ამაზე დამოკიდებული გახდე. მერე როცა მე შემეხო და მივხვდი, რომ დამოკიდებული ვარ, ძალიან შემეშინდა. დამოკიდებულება არ ხდება ერთ დღეში, ან ორ დღეში," - ამბობს იგი. გათხოვდა კონსერვატორ ქართველ მამაკაცზე, ფაქტობრივად, მთელი ის პერიოდი რემისია ქონდა. მისი თქმით, წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, რომ ქმარს ცოდნოდა, ოდესმე თუ გასინჯული ქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეც მომხმარებელი იყო. მეუღლის გარდაცვალებამდე, მოსკოვში ცხოვრობდა.

"საქართველოში დაბრუნებული მოვხვდი ინტენსიურად მკეთებლების წრეში. მოსკოვიდან დაბრუნებულს, საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მქონდა - მაღაზიები, ტურსააგენტოები და ა.შ. ვფიქრობ ეს იყო მათი ინტერესი. მე კი ფული არ მიჭირდა,\" - მერე კიდევ გათხოვდა, ისევ ნარკოდამოკიდებულ ადამიანზე, მანამდე თუ ერთად იკეთებდნენ, ახლა მეუღლემ აუკრძალა გაკეთება, - \"უცებ დამიწყო, რომ ეს შენთვის არ შეიძლება. მაგრამ ჩემ ხელში იყო წამალი. როცა მისთვის კუთვნილი დოზა მოქონდათ, მიტოვებდნენ. ვაკლებდი, ის ვერც ხვდებდა. არც ინტენსიურად ვიკეთებდი. ვაკონტროლებდი, რომ არ გავმხარიყავი დამოკიდებული. ვფიქრობდი, რომ ეს უნდა დარჩეს გართობად. არც ერთ ადამიანს არ უნდა დამოუკიდებელი იყოს. ერთ მშვენიერ დღეს ხვდები,  რომ დამოკიდებული ხარ. ხვდები, რომ ძალიან გაერთე, უკვე წუთებს რომ აგვიანებდნენ, ლოდინიც გაუსაძლისი ხდებოდა. თან არ შემეძლო აღიარება. მეშინოდა სტიგმის. ეს რომ გაეგოთ ახლობლებს, საშინელი რეაქცია ექნებოდათ.  ყველაფერი შეიძლება დამეკარგა, აწყობილი ბიზნესი რისკის ქვეშ დგებოდა. ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა და სუბოტექსს იმდენს ვყიდულობდი რომ მყოფნიდა. ბევრმა წელმა იმის ფიქრში გაიარა, რომ ეხლა დავანებენ, ეხლა შევწვეტ. მერე ვიფიქრე - რას ვიწვალებ თავს, ესაა ჩემი ხვედრი და ასე უნდა ვიყო. ხელმისაწვდომობა მაქვს და რატომაც არა. ეს კი ძალიან ძვირი დამიჯდა,\" -  გვიყვება იგი.  მერე სუბუტექსიც შევიდა აკრძალული პრეპარატების სიაში. ერთ დღესაც მასთან მივიდა მეგობარი, რომელიც ძალიან ცუდად იყო და ერთი აბი აჩუქა. დააკავეს და რა თქმა უნდა, თქვა საიდან ქონდა. მეორე დილას ჩვენი რესპონდენტიც დააკავეს.


2002 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი \"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ," რომელიც 2003 წელს ძალაში შევიდა. კანონი უკანონო ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის, კულტივაციის, წარმოების, ფლობის და მოხმარების კრიმინალიზაციას ახდენდა. არსებული კანონმდებლობა ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს დაავადებულად მიიჩნევს და მათზე ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ავრცელებს. კანონის მიხედვით, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პირების წინაშე ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს მათ შემოწმებაზე, მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის და პაციენტთა დიდი რაოდენობის გამო, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები ვერ სრულდება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარება დანაშაულია, რომელიც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და ფლობა, მცირე ოდენობით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500  ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული სანქციის დაკისრების შემდეგ, თუ პირი იგივე ბრალდებით დააკავეს, იგი სისხლის სამართლის 273-ე მუხლით გასამართლდება. ჩვენი რესპონდენტი, საპროცესო გარიგებით გამოუშვეს, ეს კი ძალიან ძვირად დაუჯდა.


"სასწორზე დაიდო ყველაფერი. რაც კი მიშრომია მთელი ცხოვრება ფაქტობრივად დავკარგე. დაგვტოვეს ქუჩაში, ეგეთი ნარკოპოლიტიკაა ან ციხე, ან ყველაფერი," - ამბობს იგი. თუმცა აღიარებს რომ ის ხუთი თვე, რომელიც ციხეში გაატარა დაეხმარა ე.წ. \"ლომკის\" გადაგდებაში, - \"ძვირი დაჯდა ამ ჭირის მოშორება, მაგრამ ხაზს ვუსმევ, ვინმემ არ არ იფიქროს, რომ ციხე ასწორებს. ბევრი ვიცი, ვისაც ციხის კარებიდან დაიწყო კეთება. მე, უბრალოდ, დიდი პასუხისმგებლობა მქონდა შვილთან ნათესავებთან..." - გვიყვება იგი და იმ სტიგმაზე საუბრობს, რომელიც განიცადა, - \"ის ხალხი, რომელიც მანამდე ლამის ძალით მივარდებოდნენ სახლში, მოტრიალდნენ და გაქრნენ... უცებ ყველა გაიქსააქს-გამოისაქსა..." - საზოგადოებაში არსებული ძლიერი სტიგმა მრავალ ნარკოტიკების მომხმარებელს არა მარტო საზოგადოებაში ადაპტირებაში უშლის ხელს, არამედ იმაშიც, რომ მიმართოს სხვადასხვა სერვისებს დახმარების, ტესტირებისა და მკურნალობისთვის. ყველაზე დამთრგუნველი არის პიროვნებათაშორისი სტიგმა - სიძულვილი, შიში ან დაბნეულობა, რომელიც ხშირად ნარკოდამოკიდებული მამაკაცებისგან ვლინდება. გარდა შეურაცხყოფისა, ამ ფორმას შეიძლება ახასიათებდეს ზედმეტად თავშეკავებული ან ცივი ტონი, უნდობლობა, კონტაქტისგან თავის არიდება.


"საზოგადოებაშიც ასეთი განწყობილებაა, რახან ეს დასჯადია, ამაზე შენ პასუხს ოდესმე აგებ, თუ შენ ამას აკეთებ. ე.ი. კრიმინალი ხარ, - ამბობს "ახალი ვექტორის" სოცმუშაკი, რომელიც ფიქრობს, რომ თავად გაუმართლა და სამსახური აქვს, - ქალები სტიგმატიზირებულნი არიან თავად მომხმარებლების მიერ.  ამას წინათ, შეხვედრაზე ვიყავი, სადაც უკრაინელი კოლეგებიც იყვნენ. შეხვედრაზე ვისაუბრე მჩთ პროგრამის პრობლემებზე (მეტადონის ჩანაცვლების პროგრამა), სადაც ერთ-ერთმა ორგანიზაციის წარმომადგენელმა განმიცხადა, - რა უნდათ ამ ქალებს - მანამდე თუ უნდოდათ კაცებთან ჩხერვა, ეხლა არ უნდათ მასთან ერთად მეტადონის დალევა?\" - არა მარტო ამგვარი დისკრიმინაციული მიდგომებია საზოგადოების მიერ. ჩვენი რესპონდენტის თქმით, საზოგადოებამ იმ ქალების დამოკიდებულებაზე იციან, რომლებიც მოიხმარდნენ და ყოფილი პატიმრები არიან, ანუ ქალები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, რადგან ისინი ქალი მომხმარებლები არიან. მათზე გამხორციელებული სტიგმა ვლინდება ოჯახებში საზოგადოებაში. ისინი არავის არ სჭირდებათ, არც სამსახურში.


"მომხმარებლების ათი პროცენტი ქალებია. ბევრი ვერც ბედავს, რომ გამოვიდეს, და თქვას, რომ მომხმარებელია, რომ ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში, არადა, მათთვის მკურნალობა უფასოა. რომ თქვან გაკიცხვის. სიძულვილის და სტიგმის მსხვერპლი გახდებიან. ამის შიში აქვთ. ზოგი წლობითაა უცნობია. საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, დიდი ხანი არც კი ვიცოდი რომ ც ჰეპატიტი მქონდა. შიშის გამო, არადა, დიდი შანსია, რომ ვიღაცას გადავდე," - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.


კანონში საუბარია ნებაყოფლობით მკურნალობაზე. თუ ასეთი სურვილი არ იქნება, სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მკურნალობის აუცილებლობას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს, ბრალდებულს იძულებით მკურნალობას უნიშნავენ.


აღნიშნული კანონი საყურადღებოა იმით, რომ ნებაყოფლობითი მკურნალობის და ოპოიდური, ჩანაცვლებითი მკურნალობის ანონიმურობის გარანტიას იძლევა. ეს ვალდებულებაც ვერ სრულდება. ასევე, ვერ მოქმედებს სავალდებულო მკურნალობის სისტემაც. ნარკოტიკებთან მიმართებით ქვეყნის კანონმდებლობა  რეპრესიული ხასიათის რჩება. მაგ: ჰეროინის ნებისმიერი ოდენობა "დიდ ოდენობად" ითვლება და 6-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.




 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service