ავტორი: ლევან კალანდაძე
გენდერული თანასწორობის ცნება განმარტებულია როგორც „ქალების და მამაკაცების, გოგონებისა და ბიჭების თანაბარი უფლებები, მოვალეობები და შესაძლებლობები". სწორედ შესაძლებლობების სწორად და რაც მთავარია, ეფექტიანად გამოყენება, რესურსებისა და არსებული რეზერვების მაქსიმალურად რაციონალურად „ათვისება" წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას. ეს თემა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამოყენების კონტექსტში.
სახელმწიფოებს განსხვავებული მიდგომები და სტრატეგია გააჩნიათ არსებული შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენების კუთხით. ამ სტრატეგიას სწორედ არსებული რესურსების სიმდიდრე განაპირობებს. სახელმწიფოები, სადაც უხვად არის სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეული, ნავთობი და გაზი, აქცენტს მათ მოპოვებასა და გადამუშავებაზე აკეთებს. ხალო ის სახელმწიფოები, სადაც ეს სიმდიდრე შეზღუდული ოდენობით, ან სულაც არ არის, აქცენტს უფრო მეტად ეკონომიკური განვითარების გონივრულ და რაციონალურ მოდელზე აკეთებს (ან, უნდა აკეთებდეს).
საქართველო, ამ თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას განეკუთვნება. მისთვის გამოსაყენებელ „სიმდიდრეთა" ჩამონათვალი მკვეთრად შეზღუდულია. შესაბამისად, ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების მოდელის ეფექტიანობა ცალსახად არსებული შესაძლებლობების გონივრულ გამოყენებას უკავშირდება.
ამ თვალსაზრისით, გენდერული თანასწორობა შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი „რეზერვი". ანუ, გენდერული თანასწორობა არა როგორც ვინმეს, ან რომელიმე სქესის გამორჩეულად დაფასების, პატივისცემის, ან თუნდაც „ხელის გულზე ტარების" ფაქტორი, არამედ წმინდა რაციონალურ და პრაგმატულ გათვლებზე დაფუძნებული ინსტრუმენტი, სამომავლოდ კონკრეტული ეკონომიკური თუ სოციალური სიკეთეების მისაღებად.
რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის კომპონენტი, როგორც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ეფექტური ინსტრუმენტი და ზოგადად, რამდენად უწყობს ის ხელს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას? ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკმაოდ საინტერესო საკითხი, რომლის განხილვა აბსოლუტურად განსხვავებულ ჭრილში, როგორც არსებული „რესურსის" და არსებული „შესაძლებლობების" ეფექტური გამოყენების კუთხით უნდა მოხდეს.
ეკონომიკური ზრდა პირდაპირ კორელაციაშია ერთ დასაქმებულზე კაპიტალიზაციის ზრდის მაჩვენებელთან. და ეს პოზიტიურად აისახება ქალთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე, რადგან, ეკონომიკაში კაპიტალის ზრდა ბუნებრივად აჩენს ეკონომიკურ აქტივობაში ქალთა ჩართულობის მოთხოვნის აუცილებლობას. სიმპტომატურია, რომ სახელმწიფოები, სადაც ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური აქტივობის მაღალი მაჩვენებელია, ხასიათდება გენდერული თანასწორობის შედარებით მაღალი მაჩვენებლით. და პირიქით, ქვეყნები, სადაც უზრუნველყოფილია გენდერული თანასწორობის მაღალი სტანდარტი, ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მარალ მაჩვენებლებს აფიქსირებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე და განსაკუთრებით, ზრდად ეკონომიკურ საზოგადოებებში, სამსახურსა და დამატებით შემოსავალზე უარის თქმის ალტერნატიული დანახარჯების „ფასი" საკმაოდ დიდია, თანამედროვე ქალი უფრო მეტად ერთვება, ან იძულებულია ჩაერთოს, ეკონომიკურ პროცესში და სამუშაო ძალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხდება. შედეგად, ეს ტენდენცია განაპირობებს შობადობის შემცირებას, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ერთეულ დასაქმებულზე კაპიტალიზაციის ზრდასა და ეკონომიკურ (მშპ) ზრდის მაჩვენებელზე.
საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, მკვეთრად გამოხატული სტერეოტიპული ხედვაა ჩამოყალიბებული საოჯახო ბიუჯეტის ფორმირების საქმეში ქალისა და მამაკაცის მონაწილეობის საკითხთან, ანუ ე.წ. „ოჯახის მარჩენალის" ფუნქციასტან დაკავშირებით. კერძოდ, ჩვენს საზოგადოებაში „გაბატონებულ" მოსაზრებას საკმაოდ კარგად ასახავს კავკასიის ბარომეტრის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები - გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ ოჯახისთვის „პურის ფული" მამაკაცმა უნდა იშოვოს. მიუხედავად ასეთი შედეგისა, გამოკითხულთა მხოლოდ 36% ადასტურებს, რომ ეს რეალურად ასე ხდება. ხოლო, გამოკითხულთა 39% თვლის, რომ რეალობაში ოჯახის მარჩენალის ფუნქციას უმრავლეს შემთხვევაში ქალები ასრულებენ.
დღეს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2 მილიონ კაცს შეადგენს. მათ შორის, 925 ათასი ქალია და 1 მილიონ 75 ათასი მამაკაცი. დასაქმების მაჩვენებელი 2010-2014 წლებში მამაკაცებში 3%-ით, 61-დან 64%-მდე გაიზარდა. ქალებშიც 3%-ით, 47-დან 50%-მდე. მიუხედავად იმისა, რომ პროცენტული ზრდის მაჩვენებელი ქალებში და მამაკაცებში ერთი რანგისაა, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში ქალების დასაქმების დონე (49%), მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელს (64%).
ამასთან, გენდერული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დისბალანსია საშუალო თვიურ ნომინალური ხელფასის, ე.წ. მინიმალური ხელფასის განაწილების კუთხითაც - 2013 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობა საქართველოში 773 ლარს შეადგენს. და მათ შორის, ქალებისთვის ეს მაჩვენებელი 585 ლარია. მაშინ როცა, მამაკაცებისთვის საშუალო ნომინალური ხელფასი 920 ლარს შეადგენს.
სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს და საოჯახო საქმეებით, ბავშვებით, სადილის კეთებით, სარეცხით და სხვა მსგავსი „უმნიშვნელო" საქმეებით უნდა იყოს მხოლოდ დაკავებული, ბუნებრივივად აყენებს ქალთა ნაწილს ეკონომიკური პროცესების მიღმა და ქალთა საზოგადოების ეს ნაწილი ეკონომიკური (მთლიანი შიდა პროდუქტის) ზრდის და განვითარების პროცესის მონაწილე ბუნებრივად ვეღარ ხდება. გარდა ამისა, ქალების ის ნაწილი, რომლებიც საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სოციალ-ეკონომიკურ ფუნცციის მატარებლები არიან საკუთარი ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფის და ცხოვრების მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რეალურად მხოლოდ იმ სახელმწიფოების მშპ-ს ფორმირებასა და ეკონომიკურ ზრდაში იღებენ მონაწილეობას.
ქვეყნის მშპ-ს ფორმირებასა და ზრდის პოტენციალში ქალთა მონაწილეობის და ჩართულობის მაქსიმალური უზრუნველყოფა, არის ის „რეზერვი", რაზეც განსაკუთრებული აქცენტები უნდა გაკეთდეს თანამედროვე საქართველოში. რითაც, პირდაპირი ეფექტების გარდა, სახელმწიფო და საზოგადოება იღებს ე.წ. ირიბ ეფექტს, რაც მაღალი ეკონომიკური „ძალაუფლების" მქონე ქალთა საზოგადოების ფორმირებაში გამოიხატება. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს ქალთა ეკონომიკური ძალაუფლების ზრდას ოჯახებში და საზოგადოების ე.წ. საშუალო ფენის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების პროცესის დაწყების შეუქცევად და ეფექტურ საფუძველს.
