პირველი საბჭოთა ქალი რეჟისორი და თანამედროვე ქართული კინემატოგრაფი
პირველი საბჭოთა ქალი რეჟისორი და თანამედროვე ქართული კინემატოგრაფი

ქალები სოციალური ფილმებით 1930 - 2015


ავტორი: დავით მაღლაფერიძე


მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორობა მამაკაცურ პროფესიად ითვლება, ქალებმა ქართულ კინემატოგრაფში საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო მოღვაწეობა, თანაც ისე, რომ საკუთარი მნიშვნელოვანი ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა. „ბუბა", იგივე „მთიანი რაჭის ამბავი" 1930 წელს ნუცა ღოღობერიძემ გადაიღო. ამ სტატუსით, მან როგორც ქართულ, ისე საბჭოთა კინემატოგრაფში ქალის ადგილი პირველად განსაზღვრა.


ზუსტად 48 წლის შემდეგ, პირველ ქართულ ფემინისტურ ფილმს უკვე ნუცას შვილი ლანა ღოღობერიძე იღებს. „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით მაყურებელმა ეკრანებზე გამოსვლისთანავე შეიყვარა, პროფესიულ წრეებში კი, ისეთი შეფასებები მოჰყვა, რომ სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრის აღება არ გასჭირვებია. შემდეგ იყო საკავშირო კინოფესტივალი და პრემია საუკეთესო ფილმისთვის, ბოლოს კი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიაც.


2009 წელს, საზოგადოება, ახლა უკვე ლანას შვილის, სალომე ალექსი-მესხიშვილის მოკლემეტრაჟან ფილმ „ფელიჩიტაზე" ალაპარაკდა.


არც რეჟისორობიდან ხელმძღვანელობამდე მანძილი ყოფილა დიდი. მოხდა ისე, რომ ბოლო წლებია ეროვნულ კინოცენტრსაც სათავეში ქალები ჰყავს. ნანა ჯანელიძე, რომელიც არაერთი ცნობილი და წარმატებული ფილმის რეჟისორია, დღეს იმ უწყებას ხელმძღვანელობს, სადაც მისი უდიდებულესობა ქართული კინოს აწმყო და მომავალი იქმნება. ამბობს, რომ როცა გადასაღებ მოედანზეც და სამსახურშიც გენდერული ბალანსი დაცულია, საქმეც გაცილებით საინტერესო და სრულყოფილია.


მისი პირველი ფილმიც ქალებზე იყო. სადიპლომო ნამუშევარს „ოჯახი" დაარქვა, გადასაღებ მოედანზე კი, ვარსკვლავების მთელი გუნდი შეკრიბა: ვერიკო ანჯაფარიძე (ეს მისი უკანასკნელი როლია), ლიკა ქავჟარაძე, ლია ელიავა, ქეთინო აბულაძე, რომელსაც უკვე „მონანიებაში" ჰქონდა ნათამაშები... ფილმა დიდი აღიარება და უამრავი პრიზი მიიღო.


ნანა ჯანელიძე

ეროვნული კინოცენტრის დირექტორი

„მიუხედავად იმისა, რომ რეჟისურას მამაკაცურ პროფესიად მიიჩნევენ, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ქალს ქართულ კინემატოგრაფში დიდი ტრადიცია აქვს. ყველფერს, რომ თავი დავანებოთ 1930 წელი და ნუცა ღოღობერიძე გავიხსენოთ, როცა ჩემს უცხოელ კოლეგებს ამ ფაქტზე ვუყვები გაოცებას ვერ მალავენ. გაგვიმართლა იმ საკითხშიც, რომ სოციალისტურ ქვეყანაში ვცხოვრობდით, მაშინ, არაფრით არ იჩაგრებოდა ქალი რეჟისორები, ანაზღაურებაც კი თანაბარი იყო, რაც სერიოზული პრობლება გახლდათ მაშინდელი უცხოური კინემატოგრაფისათვის. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, დღეს სოციალური ფილმების ნამდვილი ბუმია, რომლებიც, სხვათაშორის ძალიან შეიყვარა ევროპელმა მაყურებელმა, თუ მაშინ ძირითადად პროპაგანდისტული სურათები იქმნებოდა, დღეს, სხვა ფორმა ჩამოყალიბდა და თემატიკაც მრავალფეროვანი გახდა. საოცარი თაობაა დღეს კინემატოგრაფში. მაოცებს ამ ქალების თავდაუზოგავი შრომა, მიზანსწრაფულობა, მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ მათი რაოდენობა პროცენტულად უფრო მეტია ვიდრე კაცების. მიუხედავად, ამ სფეროში წარმატებისა, ქალი ოპერატორები ქართულ კინემატოგრაფში არ არსებობენ, ამას ალბათ მაინც ის ფაქტორი განაპირობებდა, რომ მაშინდელი კამერები საკმაოდ მძიმე იყო. საერთოდ, თუ ფილმს სქესი ეტყობა, ვფიქრობ ის არ არის კარგი ნამუშევარი".


ე.წ. 90 -იანების თემატიკა ქართული კინემატოგრაში აქტუალობას ნელ-ნელა კარგავს, ვიდრე საზოგადოებას ახალი ფილმების შეფასება მოუწევს, კორეაში „ქართველი ქალი კინორეჟისორების სიძლიერეზე" ალაპარაკდნენ და ამ სათაურით, ცოტა ხნის წინ ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე 12 რეჟისორის ფილმი აჩვენეს:


„ბუბა/მაღალმთიანი რაჭის ამბავი" (ნუცა ღოღობერიძე)


„დღეს ღამე უთენებია" (ლანა ღოღობერიძე)


„ფელიჩიტა" (სალომე ალექსი-მესხიშვილი)


„გრძელი ნათელი დღეები" (ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი)


„პატარძლები" (თინათინ ყაჯრიშვილი)


„გაიღიმეთ!" (რუსუდან ჭყონია)


„ბახმარო" (სალომე ჯაში)


„ძმა" (თეონა მღვდელაძე, ტიერი გრენადე)


„მარილივით თეთრი" (ქეთი მაჭავარიანი)


"იავნანა" (ნანა ჯანელიძე)


„სუსა" (რუსუდან პირველი)


„მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" (თინათინ გურჩიანი)

 

რთულია ქალი რეჟისორის ცხოვრება?

„არ ააქვს მნიშვნელობა პიანისტი ქალი ხარ, ექიმი თუ რეჟისორი მთავარია საქმეში მთლიანად გადაეშვა და ოჯახმაც ხელი შეგიწყოს".


 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service