რატომ არ მივიდა მილიონი ქალი არჩევნებზე?
რატომ არ მივიდა მილიონი ქალი არჩევნებზე?

ავტორი: ვალერიან გორგილაძე, პოლიტიკური ანალიტიკოსი

 

განვითარების კვლევისა და შეფასების ცენტრის კვლევის მიხედვით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა (2014 წელს ცესკომ პირველად გამოაქვეყნა ამომრჩეველთა აქტივობა სქესის ნიშნით) მილიონზე მეტი ქალი არჩევნებზე არ მოვიდა.

 

გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ არც პოლიტიკურ პარტიებს, მრავლად არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც სხვადასხვა ექსპერტებს და პოლიტიკურ ანალიტიკოსებს არ შეუმჩნევიათ ერთი ძალზედ ნიშანდობლივი ფაქტი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება 2014 წელს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. საქმე ისაა, რომ 2014 წლის არჩევნების შედეგები არსებითად წარმოადგენს  „სოციოლოგიურ სენსაციას". ეს სენსაცია, ბუნებრივია, არ უკავშირდება არც პროგნოზირებად შედეგებს პოლიტიკური პარტიებისათვის და არც იმ ფაქტს, რაც თავის თავად იმსახურებს სხვა ცალკე ანალიზს, რომ პირველად თანამედროვე ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ამომრჩევლის აქტივობა ზოგადად ყველა დონის არჩევნებს შორის. სენსაცია მდგომარეობს იმ გარემოებაში, რომ 2014 წელს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ამომრჩეველთა საერთო სიიდან, ერთი მილიონზე მეტი ქალი დააკლდა! არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების და მთლიანად საარჩევნო პროცესის იგნორირება 1 100 000 ქალმა მოახდინა! ამ მოკლე პუბლიკაციაში ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ ერთ ძალზედ მნიშვნელოვან საკითხს - რატომ არ შედგა „ელექტორალური პაემანი" ქალსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის 2014 წელს?! რატომ არ მოვიდა 2014 წლის არჩევნებზე 1 100 000 ქალი ამომრჩეველი?!

 

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის" მონაცემებით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 4 490 500-ს შეადგენს. მათ შორის 2 349 100 ქალია, ხოლო 2 141 400 კაცი. ქალები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - 52%-ს წარმოადგენენ, მათგან თითქმის 80% სრულწლოვანი, ანუ საარჩევნო ასაკის ქალია. 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით,  2014 წლის 1 მაისისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ     3, 472, 772  შეადგინა, მათ შორის  1, 866, 514 (53.7%) ქალი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა  43.3%-მა.

 

საერთო ჯამში ქალებმა არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების  50,2% შეადგინეს, ხოლო ქალი ამომრჩევლების აქტივობამ  (ქალთა რაოდენობიდან) შეადგინა 40.4%, ხოლო კაცი ამომრჩევლების აქტივობამ - 46,6%. კაცი ამომრჩევლების აქტივობა 6%- ით მეტია ქალ ამომრჩეველთა აქტივობაზე. ქალთა აქტივობის მეორე პარამეტრით განსაზღვრისას  ქალთა აქტივობამ 50,2% შეადგინა (არჩევნებში მონაწილე საერთო რაოდენობიდან  - ანუ რაოდენობრივად მეტი ქალი მოვიდა, თუმცა ქალ ამომრჩეველთა ხვედრით წილთან შედარებით - ნაკლები.„პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, არჩევნებზე ნაკლები ქალი მივიდა, ვიდრე კაცი. თუ დავუშვებთ, რომ არჩევნებზე არგამოცხადებული 60% ქალების ნახევარი (რაც მაქსიმალურ დასაშვებ ციფრად მიგვაჩნია) ობიექტური მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა არჩევნებზე (არ იმყოფებოდა ქვეყანაში, ავადმყოფობის გამო და ა.შ.), დანარჩენი 30%, რაც 500 000 ადამიანს აღემატება, შეიძლება „დაკარგულ ქალ ამომრჩევლად" მივიჩნიოთ", - ნათქვამია „მედიის განვითარების ფონდის" კვლევაში - „პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობა და ქალთა საჭიროებები". 


თუმცა, სხვა ანალიტიკოსები და ექსპერტები არ ეთანხმებიან „მედიის განვითარების ფონდის" დასკვნას იმ ნაწილში, რომ ქალ ამომრჩევლების 60% ობიექტური მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა 2014 წლის არჩევნებზე, ვინაიდან ობიექტური მიზეზებით განპირობებული ფაქტების ერთობლიობა, ამ შემთხვევაში, უნდა ვრცელდებოდეს წინა წლებში მომხდარ ყველა ტიპის არჩევნებზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ 1991 წლიდან მაინცადამაინც ქალების ავადმყოფობა, მიგრაციის ხარისხი და სხვა მიზეზებმა მოახდინეს ასეთი დრამატული ცვლილება ქალ ამომრჩევლების ელექტორალურ პასიურობაზე. მით უფრო, რომ 2012 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა ამომრჩეველთა აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ექსპერტების უმრავლესობა ხსნის ქალთა პასიურობას ქალთა საკითხების და პრობლემის დეაქტუალიზაციით, რომელსაც ახდენენ პოლიტიკური პარტიები.

მკლევარი ქეთი მსხილაძე აღნიშნავს, რომ - " პარტიები არ უთმობენ საკმარის დროს საქართველოს ქალი ამომრჩევლების პრობლემების ღრმა შესწავლას და გავრცელებული მოსაზრებებითა და სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ". 
კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობა არც ერთი საარჩევნო სუბიექტის პროგრამაში არ არი შეტანილი. საარჩევნო პროგრამებში არც ქალთა დასაქმების ხელშეწყობის, ქალების შრომითი უფლებების დაცვის, ყველა ტიპის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა თუ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინიციატივებია ასახული. გარდა ამისა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებული არც ერთი პროგრამა არ მოიცავდა ქალთა პოლიტიკური გააქტიურების, მათი პოლიტიკური გაძლიერების თუ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშემწყობ ინიციატივას.


„ქალთა საკითხები ძირითადად განიხილება ჯანმრთელობის (რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ორსულთა მეთვალყურეობა), დემოგრაფიული (დაბადებულ ბავშვებზე ერთჯერადი დახმარებების გაცემა), შვილების სწავლისა და სპორტული აქტივობების კონტექსტში. რაც შეეხება დასაქმებას, ეს საკითხი, ძირითად, ბაგა-ბაღებისა და სკოლების მასწავლებლობით არის შემოფარგლული. ეს კი, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს იმ სტერეოტიპული მიდგომის შედეგად, რომლის მიხედვითაც, ბაღებისა და სკოლების მასწავლებლობა ქალებისთვის ერთადერთ შესაფერის სამუშაოდ ითვლება", - ვკითხულობთ კვლევაში.

„დაკარგული" ქალი ამომრჩევლების მოზიდვა და მათთვის ისეთი საკითხები შეთავაზება, რაც მათ მხარდამჭერებად აქცევდა, ის ამოცანებია, რომლებიც ნებისმიერმა ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დაისახოს", - ვკითხულობ კვლევის ავტორთა რეკომენდაციაში.

და მართლაც არ შეიძლება არ დაეთანხმო აქ მოყვანილი ექსპერტების მოსაზრებას ქალთა უჩვეულო პასიურობის შესაძლო მოტივაციის შესახებ. მაგრამ, ჩემი აზრით ვერც ერთი ზემოთ მოყვანილი არგუმენტი ვერ პასუხობს სრულფასოვნად კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ გაუწია 2014 წლის არჩევნებს იგნორირება ერთმა მილიონმა ქალმა?! ნუ თუ წინა წლებში ქალთა პრობლემატიკა განსაკუთრებული აქტუალიზაციით სარგებლობდა ძირითადი პოლიტიკური პარტიების პროგრამებში და ზოგადად წარმოადგენდა პოლიტიკოსთა „დღის წესრიგის" მეინსტრიმულ თემას?

 

ბუნებრივია, ეს თემა საჭიროებს ღრმა შესწავლას და არა ერთი კვლევის ჩატარებას, ზემოთ აღინიშნა, რომ საქართველოში პრაქტიკულად არ ჩატარებულა არც ერთი კვლევა, რომელიც შეისწავლიდა ამომრჩეველთა აქტივობას გენდერულ ჭრილში, ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ ელექტორალურ ქცევას.

თუმცა არის ერთი დაკვირვება, რომელიც გვაძლევს ძალზედ ფრთხილი ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობას. ეს ვარაუდი ეფუძნება სტატისტიკურ დაკვირვებას ამომრჩეველთა აქტივობებზე 1991 წლიდან 2014 წლის არჩევნებამდე.

 

წელი                             1991          1992       1995        1999        2003         2004            2006          2008         2010         2012             2014       
ამომრჩეველთა აქტივობა (%)                  90  74   68 68 60   64      48       53        49       61 43

 

ამ მონაცემების თანახმად საქართველოში ყოველ ათ წლიწადში ხდება ამ მონაკვეთისთვის დამასიათებელი ელექტორალური აქტივობის „აფეთქება:. ასე მოხდა 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნებისას და ასე ხდებოდა 2004 წლის საპრეზიდენტო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. ყოველ ამ თარიღს, რასაც შეგვიძლია „ელექტორალური რევოლუციები" ვუწოდოთ, თან მოსდევდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია. სწორედ ამ თარიღებს (გამსახურდიას არჩევა პრეზიდენტად, სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევა პირველი ვადით, კოალიცია „ქართული ოცნების" გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე) ახასიათებს ამომრჩეველთა უჩვეულო, და შესაბამისად ქალ ამომრჩევლების, აქტივობა. მრავალი კვლევა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ქალის მთავარ ფუნქციად შვილების აღზრდასა და ოჯახის მოვლას მიიჩნევს. ამიტომ, ხომ არ წყდება „ტიპური" ქალი ამომრჩეველი სამზარეულოს და მიდის საარჩევნო უბანზე, რომ მიიჩნევს, რომ სწორედ ამ არჩევნებზე უნდა გადაწყდეს მისი ოჯახის და შვილის მომავალი? ამ ჰიპოთეზის თანახმად, ხომ არ გამომდინარეობს აქედან ის დასკვნა, რომ ქალი არჩევნებს, თავისი ოჯახისთვის მხოლოდ ეგზისტენციური და არა სოციალური, ყოფითი საკითხების მოსაწესრიგებელი ინსტრუმენტის ფუნქციას ანიჭებს? თუ ეს ასეა, ქალთა აქტივობას შეიძლება ერთგვარი სოციალური ბარომეტრის ფუნქცია მივანიჭოთ, რომლის მიხედვითაც - თუ ქალი სამზარეულოშია (და არა საარჩევნო უბანზე), ე.ი. ქვეყანაში მნისვნელოვნ გარდაქმნებს არ უნდა ველოდოთ.

 

ავტორი მადლობას უხდის ჟურნალისტს ნინო ნარიმანიშვილს პუბლიკაციის მომზადებისას გაწეული დახმარებისათვის.

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service