საკითხები
მე ვარ ქალი, მაშასადამე ვარ სუსტი და დაუცველი!
მე ვარ ქალი, მაშასადამე ვარ სუსტი და დაუცველი!

ავტორი: ეკატერინე ლოლუა

 

ქვეყანაში, სადაც ქალებს არც კონსტიტუცია ერჩის, არც კულტურა და არც რელიგია, ისინი რატომღაც სულ იჩაგრებიან და მუდმივი დევნის მსხვერპლნი არიან. ქალებს საზოგადოებაში აქვთ თავიანთი ადგილი, მხოლოდ მამაკაცის შემდეგ. მათ კონსტიტუციურად მინიჭებული აქვს უფლებები, ყოველგვარი გენდერული პრიორიტეტების გარეშე, თუმცა საზოგადოება თავად გახდა მჩაგვრელი იარაღი და პრიორიტეტი თავად დასვა მამაკაცებზე.

 

ქალების ჩაგვრას მასობრივი სახე გუშინ და დღეს არ მიუღია, ეს საუკუნეებია ასე ხდება. პატრიარქალური წყობილება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იღებს სათავეს. ყველა ისტორიულ ნაწარმოებში მამრობითი სქესი დომინირებს. თუნდაც, ძველი საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოები ავიღოთ, სადაც ქალი მხოლოდ გამრავლებისთვის აუცილებელ „ჭურჭლად" მოიაზრებოდა და დაახლოებით ისეთივე უფლებები გააჩნდათ, როგორიც მონებს. ძირითადად, მხოლოდ მეამბოხე ქალებმა მოახერხეს ისტორიაში თავისი ადგილის დამკვიდრება.

 

დროის ცვლასთან ერთად გაჩნდა რელიგიები და მათი მიმდინარეობები. ისინი მალევე გავრცელდნენ, გაძლიერდნენ და საზოგადოებრივი ცხოვრების წეს-ჩვეულებების ცვლილება გამოიწვიეს. მართლმადიდებლური რელიგია ქალის მიმართ ყველაზე შემწყნარებელია. რა თქმა უნდა, არის წესები, რომლებიც მამაკაცებს პრიორიტეტს ანიჭებს, თუმცა ცოდვები ორივე სქესს ერთნაირად მოეკითხება. ასევე ჰუმანურია კონსტიტუცია, რომელიც დროთა განმავლობაში, პირვანდელთან შედარებით, კიდევ უფრო დაიხვეწა, თუმცა დახვეწამდეც ერთნაირად იცავდა ქალთა და მამაკაცთა უფლებებს. სქესთა შორის კონსტიტუციური თანაბარუფლებიანობა, შავით თეთრზე დაწერილი, უზენაესი კანონია, თუმცა დღემდე რიგით წარწერად რჩება და ქალები კვლავ იჩაგრებიან. საზოგადოება მათდამი ბევრად დაუნდობელია, ვიდრე რომელიმე წესი, ან კანონი. ხოლო კანონი, როცა ქალს ეხება საქმე, უძლურია ხალხის ნების წინაშე.

 

ასევე დიდია საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამპყრობელი მუსლიმური სახელმწიფოების დანატოვარი ადათ-წესების გავლენა. ამ პერიოდში ადამიანების ცნობიერებაში მიზანმიმართულად იდებოდა ნორმად ქალთა უფლებების უგულვებელყოფა. მაშინდელმა პროპაგანდამ საქართველოს კულტურას და ტრადიციებს წარუშლელი დაღი დაასვა. დღეს, როცა დასავლური კურსი გვიჭირავს, ხშირად გაჟღერებულა აზრი, ვითომდა დასავლური ღირებულებები აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი ტრადიციებისგან და ეს ქართველობის წართმევის ტოლფასია. რეალურად კი, სწორედ იმისკენ ვილტვით, რაც საუკუნეების წინ გაგვაჩნდა და უცხო გავლენამ წაგვართვა. ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ქალი არანაირად არ იდგა იერარქიულად მამაკაცზე დაბლა, თამარ მეფის ხანაა, როცა მან არათუ ქვეყანა მართა მიუხედავად სქესისა, არამედ ქალები დიპლომატიაშიც წამოსწია და სწორედ ქალების მონაწილეობით, იმდროინდელი დიპლომატიური კორპუსის მოდელი შექმნა.

 

დღეს ჩვენს ქვეყანაში ქალები იმაზე მეტად იჩაგრებიან ვიდრე ოდესმე, რადგან ერი ძალიან ძლიერი გავლენისა და სტერეოტიპული მარწუხების ტყვეობაში იმყოფება. ყოველი ფრაზა, რომელიც შეიცავს სიტყვათა შეთანხმებას „ზოგადად ქალები" - უკვე საგანგაშოა, რადგან შეიძლება კიდევ ერთი, ახალი გენდერული სტერეოტიპის ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს.

 

დღეს ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა მოდური სიტყვაა და მას ხშირად იყენებენ, რათა საკუთარი თავის თანამედროვე სამყაროსთან ასოცირება მოახდინონ. ქალთა უფლებების დაცვა ერთგვარი მოდაა. ამ საკითხზე ბევრი მუშაობს, თუმცა სიღრმისეულად ცოტა იცნობს. ხშირად ეს თემა უბრალოდ სამანიპულაციოდ გამოიყენება, ამასობაში ქალთა უფლებებს მხოლოდ პირობითად ჰქვია სახელი.

დღეს ქალებს აქვთ განათლებისა და დასაქმების უფლება, ისევე როგორც მამაკაცებს, თუმცა რიგ თანამდებობებზე დამსაქმებლები, რატომღაც მაინც, მამაკაცს ანიჭებენ უპირატესობას. დღეს ქალებს აქვთ საკუთრების ქონის უფლება და ძალიან ბევრს ჰყავს მანქანა, ისევე როგორც კაცებს, თუმცა ძირითადად „ქალ-მძღოლებს" ლანძღავენ (თავად ქალებიც). ქალებს აქვთ უფლება ჰქონეთ კარგი ტექნიკა, თუმცა მაღაზიის კონსულტანტებსაც კი აღიზიანებთ, როცა ქალს იმაზე მაღალი მოთხოვნა აქვს, ვიდრე „შეეფერება". დამკვიდრებული სტერეოტიპით, მამაკაცმა ტექნიკა უნდა შეარჩიოს ტექნიკური მახასიათებლებით, ხოლო ქალმა მხოლოდ გარეგნულად. თუ ქალი მაინც ეცადა „კაცის კომპეტენციაში" შეჭრას და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინება ჩათვალა საჭიროდ, მას აუცილებლად ეტყვიან კომპლიმენტს „კაცურად აზროვნე", გეგონება ამ სფეროში გათვითცნობიერებულობა მხოლოდ მამაკაცს შეუძლია და არავითარ შემთხვევაში - ქალებს. ანალოგიური სიტუაციაა შრომით ბაზარზე. ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია, ადამიანური რესურსია, ქალებს და მამაკაცებს სტერეოტიპული არჩევანის გაკეთება უწევთ, რადგან საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ რიგი საქმიანობა, მხოლოდ „კაცის საქმეა", დანარჩენი კი - „ქალის".

ამ რთულ პირობებს ემატება ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც ქალს, სქესის გამო, დაბადებიდანვე მიაწერეს, იქნება ეს დიასახლისობა, თუ ბავშვის აღზრდა. ე.წ. ოჯახის საქმის ქალისთვის „სავალდებულო" სტატუსის მინიჭებამ კიდევ უფრო შეამცირა ქალების აქტივობა კარიერულ ასპარეზზე, რადგან მათ ფიზიკურად არ რჩებათ დრო ამისთვის. ხოლო ვისაც რჩება, მისი გონება მაინც საოჯახო საქმეებით არის დატვირთული, რაც მის შრომისუნარიანობას და ეფექტიანობას ამცირებს.

ამასობაში, ქალის „კეთილისმსურველი" ორგანიზაციები ქალებსა და მამაკაცებს შორის განმასხვავებელი თვისებების ძიებას აგრძელებენ და კიდევ უფრო ამრავლებენ გენდერული სტერეოტიპების რიცხვს. ისინი აღრმავებენ დამკვიდრებული აზრების რწმენას, რითაც კიდევ უფრო ანელებენ საქართველოს დასავლურ ღირებულებებზე გადაწყობას.

ტელევიზიები ისევ უშვებენ ყოვლად გაუაზრებელ, პატრიარქალურ-სექსისტური შთაგონებით ნაკარნახევ გადაცემებს, სადაც ქალის სახე და მისი როლი საზოგადოებაში კიდევ უფრო კნინდება. რუსეთში ტელევიზიები, ასეთი შინაარსის გადაცემებს, ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულად, სწორედ ქალთა დისკრიმინაციის შთაგონებისთვის უშვებენ (რაც მათი მხრიდან ერთგვარი რევერანსია მუსლიმური ქვეყნების მიმართ). საქართველოში კი, სიტუაცია იმაზე მძიმედაა ვიდრე წარმოგვიდგენია, ქალთა დისკრიმინაციის აგიტაცია არა მიზანმიმართულად, არამედ უნებლიედ და გაუცნობიერებლად ხდება. რუსული ტელესივრციდან პირდაპირ გადმოღებული გადაცემის ფორმატი, შინაარსობრივადაც ემსგავსება ორიგინალს და ადამიანის ქვეცნობიერისთვის გამზადებული მესიჯებიც ავტომატურად გადმოდის ქართველ მაყურებლებზე.

 

„ზარმაცი" ქალები ყოველ ნაბიჯზე იტაცებენ ისეთ სტერეოტიპულ გამონათქვამებს, როგორებიცაა: „ქალი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს", „ქალი სულ სარკეში უნდა იყუროს", „ქალს ღამით ქუჩაში მარტოს არაფერი ესაქმება", „ქალმა ოჯახზე უნდა იზრუნოს" და სხვა. მათ აწყობთ იყვნენ სუსტი სქესი და ელოდონ მხსნელს, რომელიც მათზე იზრუნებს და უზრუნველყოფს მატერიალურად. ამასობაში კი, აზიანებენ მათ რეპუტაციას, ვისაც საკუთარი თავის და ოჯახის შესანახად უწევთ მუშაობა, სახლში გვიან ღამით დაბრუნება, სარკეში იშვიათად ყურება (დროის უქონლობის გამო) და ვერც იმას ახერხებენ რომ ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდნენ, რადგან მათი ენერგია ძირითადად მუშაობას მიაქვს.

 

ქალების უდიდესი პრობლემა ისევ ის ქალები არიან, რომლებიც საკუთარი საუბრით, გაუცნობიერებლად, გენდერული დისკრიმინაციისკენ მოუწოდებენ საპირისპირო სქესს. ქალები, რომლებიც თვლიან, რომ გენდერული თანასწორობის შემთხვევაში თავად უნდა დაპატიჟონ მამაკაცები რესტორანში და მხოლოდ ამიტომ არ მოსწონთ თანასწორობის იდეა. ქალები, რომლებსაც არ უყვართ სპორტი და მარტივად, უტიფრად აცხადებენ, რომ სპორტი ქალის საქმე არ არის და ის მხოლოდ „მამაკაცურ ქალებს" მოსწონთ. ისეთი ქალებიც არიან, ვისაც ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის არც გამოცდილება აქვთ, არც სურვილი და მარტივ გამოსავალს პოულობენ, მსგავსი საქმეების მამაკაცისთვის გადაბარებით.

 

ქალებო, ნუ მოექცევით გენდერული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ, აკეთეთ ის რისი კეთებაც მოგწონთ. ნუ იფიქრებთ იმაზე „ქალის შესაფერისია" თქვენი საქმიანობა, თუ არა. ნუ დაელოდებით მამაკაცს გაწყვეტილი კაბელის გადასაბმელად, თუ თქვენც შეგიძლიათ მისი გადამბა, მხოლოდ იმიტომ რომ ეს კაცის საქმეა. არასდროს მოიქიციოთ თავი გენდერული სტერეოტიპების ტყვეობაში და ნურავის მისცემთ უფლებას მოგაწეროთ უფლება-მოვალეობები მხოლოდ სქესის გამო. ჩაერთეთ პოლიტიკაში, რადგან ეს მხოლოდ კაცების საქმე არ არის. ჩვენ უამრავი მაგალითი გვაქვს, თუ რამდენმა ქართველმა ქალმა დაიმკვიდრა პოლიტიკაში ადგილი. არაერთი კვლევა არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ქალების სიმრავლე პარლამენტსა და სახელმწიფო სტრუქტურებში უფრო პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საწინდარია. იცოდეთ თქვენი უფლებები. თქვენი უმთავრესი მისიაა არ აქციოთ ქალობა - მონობად. 

 

 

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service