
ავტორი: ლალი მეხრიშვილი
ჟურნალისტობაზე არასოდეს მიფიქრია, არც მიოცნებია. არა, კი მომწონდა ტელევიზიით ჟურნალისტების გამოსვლები, მომწონდა ის, როცა უსამართლობას ვინმე გმობდა, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაში რჩებოდა, ხმამაღლა ამას რა მათქმევინებდა. პირველი იმიტომ, რომ ჩემთვის მიუწვდომელ პროფესიად მეჩვენებოდა, მეორე, იმიტომ, რომ მამაჩემი გამუდმებით ჟურნალისტებს აგინებდა, ამათზე გაფუჭებული ხალხი არავინააო. რა მათქმევინებდა, რომ ამ გაფუჭებული ხალხის საქმიანობა, ყველზე მაგარ საქმედ მიმაჩნდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ სულით ხორცამდე პატრიოტი ისტორიას მივეჯაჭვე, ერთხანს ისტორიის პედაგოგობა მინდოდა. ერთ-ერთი ჩემი დღიურში ვწერდი, თუ როგორ აგვიკრძალეს სკოლაში გოგონებს მაშინ ძლიერ მოდაში შემოსული კაბაშარვლების ჩაცმა, კაბაშარვალი, რომელსაც ერთი წუთითაც ვერ შეატყობდით, რომ კაბა შარვალი იყო, მაგრამ მაინც კომუნისტური „წიკებისდა" აკრძალავდნენ. აკრძალვა და ჩემი კანონის დამორჩილება ერთი იყო, თუმცა, დავინახე, რამდენიმე დღის შემდეგ როგორ გააგრძელეს ჩემი კლასის გოგონებმა ამ კაბაშარვლების ჩაცმა. მათ, ვისაც ეს ჩასაცმელი დაჟინებით ეცვა, მასწავლებლის შვილები ან ახლობლები იყვნენ და არაფერს ეუბნებოდნენ. იმდენად დამაჯერებლად აგრძელებდნენ ამ სამოსის ტარებას, რომ ვიფიქრე აღარ გვიშლიან- მეთქი, ავდექი და მეორე კვირას მეც ჩავიცვი... იმ დღეს, დაფასთან მაგალითს ვიყვანდი, როცა შემოწმებაზე შემოვიდნენ, აბა გამოდითო, გვითხრეს, პირველი მე მომთხოვა პასუხი დირექტორმა, რატომ გაცვია კაბა შარვალიო, პასუხად ჩემს კლასელ გოგონებთან მივედი, წავავლე მათ კაბაშარვლებს ხელი და ხმამაღლა დავიყვირე,- აი, ხედავთ?- ჯერ ამათ გაიხადონ და მერე მეც გავიხდი-მეთქი. -პასუხით დირექტორიც და მოადგილეც პირდაღებული დარჩნენ,- არ ელოდნენ, თუ მე ასე ავლაპარაკდებოდი,- ვეღარაფრი იკადრეს და კლასიდან ხუსხუსით გავიდნენ. სწორედ იმ დღიდან აღმოვაჩინე, რომ იმ პატარა მეშვიდე კლასელ გოგონას უსამართლობასთან შებრძოლების ძალიან დიდი უნარი მქონდა, აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებაში უნდა მებრძოლა, თუ არადა ისე გამთელავდნენ „როგორც დიდოეული ლეკი ნაბადს" ხოდა ვიბრძოლე და მას მერე მთელი ცხოვრება ვიბრძვი.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ისტორიულის მაგიერ ფილოლოგიურზე მოვხვდი, ქართული ენა-ლიტერატურის განხრით, აღარც მიბრძოლია სხვაგან გადასვლა, ჩავთვალე რომ ეს ფაკულტეტი ჩემი ბედისწერა იყო, ამ ბედისწერამ ლიტერატურასთან სიახლოვე და წერა დამაწყებინა. როცა ინსტიტუტი დავამთავრე ერთხანს ინგლისურ ენაში დავიწყე მომზადება, ერთი წელი მოვემზადე, მინდოდა სწავლა უცხო ენებზე განმეგრძო, პარალელურად დაიბეჭდა ჩემი ჩანახატი ადგილობრივ გაზეთში. ჩანახატი ჩემს მშობლიურ სოფელს ეძღვნებოდა. (სკოლის წლებიდან ვწერდი ჩანახატებს და დღიურებს, მიყვარდა წერა) არც ველოდი თუ დამიბეჭდავდნენ, მაგრამ როცა ჩემი სტატიის ჩასწვრივ ჩემი გვარი და სახელი წავიკითხე, საოცარი სენი შემეყარა, მივხვდი, რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში და რა სურდა ჩემს სულს, -ეს თავისუფლება და სიმართლის წერა იყო. ადამიანები და მათი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების თანმდევი გახდა. ვიცოდი ოჯახში წინააღმდეგობას წავაწყდებოდი და ამიტომ უჩუმრა დავიწყე რაიონის რედაქციაში სიარული, საოცრად მსიამოვნებდა რედაქციის გარემოში ყოფნა. ღონისძიებებზე და შეხვედრებზე სიარული. ყოველი სახლიდან გასვლა სიხარული იყო, ვლოცულობდი დამდგარიყო ის დღე, როდესაც თამამად გავიდოდი სახლიდან რედაქციიის გზაზე.
ბოლოს, ისე მოვიხიბლე იმით, რომ ჩემი სტატიები იბეჭდებოდა და იბეჭდებოდა, რომ ამ სენს ვეღარც მოვცილდი დღემდე. სტიგმას განვიცდიდი სოფლის მოსახლეობისგანაც, ხშირად გაჩერებაზე მდგარი დედაკაცები ბოღმისგან იმასაც კი მეუბნებოდნენ, ნეტა მგზავრობის ფულს მაინც გინაზღაურებენ მანდ სიარულით, რამეს გიხდიან მაინცო?!-ამაზე საშინლად მტკიოდა გული, თანდათან ვხვდებოდი, იმდენად გაუნათლებელ ხალხში და სამყაროში ვცხოვრობდი, ისიც არ ესმოდათ, რომ, მე ისეთ საზოგადოებაში ვტრიალებდი, რომელსაც ვერანაირი ფული ვერანაირი ანაზრაურება ვერ შეცვლიდა. სამაგიეროდ ის ხალხი, მალე მოესწრო იმას, რომ ჩემს სტატიებს კახეთის მასშტაბით, შემდეგ კი, საქართველოს მასშტაბით კითხულობდნენ. მალე მთელი კახეთის მედია მიცნობდა. დამოუკიდებელ პრესაში ყოველკვირეულად იბეჭდებოდა ჩემი ავტორობით ისეთი კრიტიკული მასალებიც კი, როდესაც მთლიანი ტირაჟის შესყიდვა ან ქრთამიც კი შემოუთავაზებიათ, ოღონდ სტატია აღარ გასულიყო, მაგრამ მე ამაყი ვარ, რომ მართალი ვარ ღმერთთანაც და ჩემს თავთანაც, არასოდეს მიღალატია ჩემი პროფესიისთვის და სიტყვის თავისუფლება არასოდეს არაფერში გამიცვლია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დამმუქრებიან და ჩივილიც უხსენებიათ, თუმცა არც ამას შევშინებივარ. მე ჩემი გაბედული, მწვავე, კრიტიკული და ობიექტური სტატიების წერა ყველაფერს მერჩია. მალე სამი გაზეთიდან მიღებული ჰონორარით ისე გაიზარდა ჩემი ანაზღაურება, რომ კარგად ვიცვამდი და არაფერი მაკლდა. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ ყველა ის ადამაინი, ვინც მე გულს მტკენდა მალე თავისი პრობლემებით რედაქციაში, ჩემი კაბინეტის კართან მოხვდნენ და საკუთარი თვალით ნახეს ის რეალობა, თუ მგზავრობის საზღაურის გარდა, რას ნიშნავდა ჩემი რედაქციაში უპირველესი ნაბიჯები.
სწორედ ამგვარი სტიგმების გამო თავს ვაიძულებდი ცხოვრებაში ისეთი მამაკაცი მეპოვა, რომელიც დამიცავდა, ძლიერი იქნებოდა და ყველა ამგვარ საუბარს თავს ამარიდებდა. ჩემი მეუღლის გაცნობისთანავე მასში თანამედროვე აზროვნება ამოვიკითხე, ის ყველა პროფესიას სათანადოდ აფასებდა, და თვლიდა, რომ ადამიანმა ის უნდა აკეთოს რის გაკეთებაც უყვარს.- ადამიანი რა პროფესიისაც არის, ესე იგი მას ის საქმე უყვარს და უსამართლობაა ნებისმიერი ქალი, თუ კაცი თავის საყვარელ საქმეს ჩამოაშოროო,- ეს მის მიერ ნათქვამი სიტყვები გახლდათ, რამაც თავდაპირველადვე გადამაწყვეტინა, რომ სწორედ ის იქნებოდა ჩემი რჩეული. ასეც მოხდა. დღეს მასთან ნამდვილად ბედნიერი ვარ, არასოდეს მიშლის თავისუფალ კრიტიკას, თუ ამის საჭიროება დამდგომია და რაც ყველაზე მთავარია უმაღლეს დონემდე ესმის გამოხატვის თავისუფლება. მუდმივად მეხმარება პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, მივყავარ, მელოდება და ხელს მიწყობს. თუმცა, თავდაპირველად, ოჯახის შექმნისას მქონდა ტკივილებიც მისი ოჯახისგან. ვფიქრობ მათთვისაც ასე იყო, მოსამსახურე ქალი ჟურნალისტი და პატიოსნება ერთდროულად ცოტა რთული აღსაქმელი გახლდათ.
სულ მთლად ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება მე და ჩემმა მეუღლემ. ასე აღმოვჩნდი პირველ შვილზე ორსულად დარჩენილი 28 წლის ახალგაზრდა ქალი სხვის ბინაში მოსახლე. ბინაში, სადაც მხოლოდ მიწისპირული სამი ოთახი იყო თაგვები დადიოდნენ ღამე და უკარადობის გამო, იატაკზე დაწყობილ ჩემი ტანსაცმლის პარკებს აჭრაჭუნებდნენ, როცა დავაბრახუნებდი, იმ თაგვების ფეხების ბაკუნი და კუდის ტყაპა-ტყუპი დღესაც ჩამესმის ყურებში. ვაზა არ მქონდა რომ ხილი ჩამეწყო, სკამი არ მქონდა რომ სტუმარი დამესვა. კარადა არ მქონდა, რომ საჭმელი შემენახა. ჩანგალი რომ ჩანგალია ისიც არ მქონდა, თეფშები და მათლაფები, დედამ მომცა, დივანი და ადიელები ნათესავებმა მომიტანეს, მაგიდა და ერთი კარადაც მშობლებმა, სკამები მეუღლემ სამსახურიდან. ასე ერთ სარკეს მიბჩენილი ვიდექი და ვათენებდი ღამეებს ორსული ქალი და ვსვამდი კითხვას, -რატომ ღმერთო?! გაუსაძლის პირობებში გაათმაგებული ბრძოლის უნარი ჩამომიყალიბდა. ვწერდი და ვწერდი სტატიებს კახეთის რეგიონალურისთვის, თუ მანამდე ორს სტატიას ვაგზავნიდი, ახლა ექვს მასალას ვამზადებდი, „კვირს პალიტრაშიც" ვწერდი, თვეში ერთი წერილი იბეჭდებოდა ამ გაზეთში ჩემი, საიდანაც აესვე ანაზღაურება მქონდა. მინდოდა მეტი ჰონორარი და ხელფასი ამეღო და გაჭირვება დამეძლია. სწორედ მაშინ იერუსალიმში გახლდათ ჩვენი ჩვენს სამსახურთან გვერძე ოფისში მომუშავე ინდმეწარმე ვახტანგ კიკილაშვილი, მან ერთ დღეს რედაქციიის კარი შემოაღო და იერუსალიმის სანთლები ცამოგვირიგა, ხელი დავავლე ამ სანთელს და ჩემი მხსნელივით გავაქციე ჩემს სახლში, გამუდმებით ვლოცულობდი მუხლებზე დაცემული ამ სანთლის წინ, სრულად მივენდე მამა ნიკოლოზს და დავიწყე წირვა-ლოცვებზე სიარული. ჩემმა ლოცვამ ტავისი გამოიღო და წარმოუდგენელ დროს ბინა შევიძინე, საკუთარი, კერძო ბინა, ეს ღვთის სასწაული იყო ჩემი პატარას გაჩენის წინა თვეში.
მას მერე მოვდევთ და მოვდევთ, თითოეული კაპიკი მიზნობრივად ვხარჯავდით, ჯერ ფარდები და ხალიჩები შევიძინეთ, მერე საბნები და გადასაფარებლები, შემდეგ საძინებლები და გარდერობები. როგორღაც ავეწყეთ, მოვედით მინიმუმ კომფორტამდე. ორი შვილი ჩვენი, მე და ჩემი მეუღლის ვალის ჩინია. მარტომ გავზარდეთ. პირველ შვილზე ერთი წელი ვიყავი სახლში, ღამეებს ვათენებდი, უძილობა სჭირდა, ცოტა დამაკლდა რომ არ გამეფრინა სახლში ყოფნის გამო, ალბათ მალე ფსიქოლოგი დამჭირდებოდა. ხოდა წლის და სამი თვის შვილი ძუძუდან მოვიშორე და სამსახურში გავედი. მეორე შვილზე ასე აღარ მოვიქეცი, ოთხი თვის გახდა თუ არა ძიძა ავიყვანე და მე სამსახურში გავედი. პატარები და სამსახური ხომ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ არც მათი მოზრდილობის ასაკშია ადვილი ჩემი ცხოვრება.
ერთხელ სიცხიანი პატარა დავტოვე და დაგეგმილი ვიზიტი თელავში ომის ვეტერანების გამო, მაინც არ ჩავშალე, მაინც მოვუძებნე უსახსროდ დარჩენილ ვეტერანებს ტრანსპორტი და მაინც გავყევი. ბევრჯერ ვმჯდარვარ საათობით ფერმერის წინ, მისი პრობლემები მისმენია, ჩემი ფიქრი კი, სახლში, ჩემს შვილთან ყოფილა. კონცერტზეც ვმჯდარვარ და მიფიქრია, ნეტა რა მეკონცერტება, ჩემი შვილი სახლში სხვასთანაა და ალბათ ტირის, დედა მინდაო, მე კი აქ ვზივარ -მეთქი, მაგრამ ეს ჩემი საქმე იყო, რომელიც მიყვარდა.
თითქოს ამდენ დაღლას არაფრად ვაგდებდი, ვერ ვისვენებდი და ეზოს ბაღის გაკეთებასაც ვერ ველევი, ადგილი ისე როგორ მოვაცდინო მეთქი და კარტოფილის და პომიდვრის ნერგებს მაინც ვრგავ. დილით მეუღლეს და შვილებს ბაღში, სკოლაში და სამსახურში. მეუღლეც დაძაბული რეჟიმით მუშაობს, ის წოდებით მაიორია და თანამდებობრივად დეტექტივ-გამომძიებელია. თუ ვინიცობაა იგი დილით ადრე წავიდა ან მივლინებაშია ჩემს უამრავ საქმეს შვილების ფეხით წაყვან-მოყვანაც ემატება. ახალგაზრდობის მიუხედეავად არ მეთაკილება ვიყოლიო ქათმები გოჭები და გამოვზარდო ისინი. მართალია ბევრი საქმით ვიღლები, მაგრამ უსაქმოდაც ძალიან მეზარება ჩემი თავი. ბაღჩაში კარტოფილი, ნიორი ხახვი პომიდორი, ყაბაყი მაქვს ხოლმე დათესილი, ვრწყავ ზაფხულობით და ძალიან კარგ მოსავალს ვიღებდი, თუმცა გასულ ზაფხულს წყლის კრიზისის გამო, ყველაფერი დამეგვალა, პომიდორი ლამის ნახევარი ხეების სიმაღლეები იყო, მწვანედ ხასხასებდა ისეთი მქონდა, თვალი უნდა გენატრათ და უნდა გეყურათ, მაგრამ სულ ყვითლად მოფშრუკა ფოთოლი, ისე დამიწვა ბაღჩეული, მხოლოდ ყაბაყის, ჭარხლის ფოთლის, ლობიოს და კიტრის მოსავალი მივიღეთ ცოც-ცოტა. გაზაფხულობით ვყიდულობ 50 ერთდღიან წიწილას. ჩემით ვამუშავებ ჩემით ვზრდი ყუთებში. ზაფხულში ისინი უკვე ჩრიხვები არიან და ჩემს შვილებს ნატურალურ, სახლში გამოზრდილ ჩრიხვის ჩიჩიებს ვაჭმევ.
როცა გაზაფხულზე სამეურნეო საქმეები მემატება შესაძლოა, სახლის რომელიმე საქმე გასაკეთებელი დამრჩეს, თუ საჭმელი გავაკეთე, მაშინ შესაძლოა გასათუოვებელი დამრჩეს და თოკიდან ჩამოღებული სარეცხი გარდერობებში შესალაგებელი, ხოლო თუ ეს შევასრულე, შესაძლოა საჭმელი დამრჩეს გაუკეთებელი. იძულებული ვარ დავტოვო ყველაფერი ისე, როგორც შევძელი და შევწვდი და უკვე დაღლილი, მაგრამ მაინც ომახიანად მივრბივარ სამსახურში, რათა ძალიან არ დავაგვიანო, მაკიაჟს სახლში თუ ვერ ვასწრებ, სამსახურში ვიკეთებ, იმ დღით კი, ვინ იცის კიდევ საით მომიწევს წასვლა. საითაც მოითხოვს საჭიროება. ძალიან დაღლილი მოვდივარ სახლში, დაღლილზე ბავშვების კაპრიზები უკვე ნერვებს ისე მიშლის ხშირად ვყვირივარ. ხშირად დივანზე ისე ჩამეძინება, რომ ძლივს ვახერხებ გავიღვიძო და შვილი ვამეცადინო. ღამე ისევ ვიღვიძებ, მასალებზე ვმუშაობ, ისე, რომ ხშირად თავზე მათებნდება კიდეც. ამბობენ ქალმა ღამე არ უნდა გაათიოს, ძალიან ტეხავს და წლებს მატებსო, მაგრამ უკვე ისე მივეჩვიე, აღარც შემიძლია უამისოდ.
თუ, სტუმრიანობა მქონდა და სუფრა გავშალეთ, მაშინ ხომ ეს ამბავი სულ ჩამცხობს ხოლმე თავში, შესაძლოა მთელი კვირა გავიდეს და ბოლომდე მაინც ვერ დავლაგდე ამ დროს. ამიტომ ასეთ საქმეებს შაბათ-კვირას ვალოდებ ხოლმე. ასეთია ჩემი ცხოვრება და პროფესიასთან განუშორებლობა, გადავიღალე, გადავიქანცე და სწორედ ამიტომ მივრბივარ ხოლმე თავქუდმოგლეჯილი დასასვენებლად ანდა ნებისმიერ გასვლით ტრენინგებზე, სადაც ცოტა ხნით მაინც ჩემს ყოფითობას მოვწყდები და დავისვენებ.
სადამდე გავუძლებ არ ვიცი, სადამდე შემყვება ენერგია, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო, მე ჩემს სიყვარულთან გაჭირვებაში ცხოვრება მერჩია, ფუფუნებაში ცხოვრებას, დამოუკიდებლად და დაუყვედრებლად ცხოვრება მერჩია, ჩემს პატარა ოჯახთან ერთად, სადაც შესაძლოა მაგრად ვიღლები და ყველაფერი ჩემი საკეთებელია, მაგრამ ვიცი, რომ იქ გარშემომყოფების ხელი არ ურევია. ბავშვების გაზრდაში ჩემი ქმრის გარდა ჩემი მომხმარე არავინაა, რასაც თავისი სამსახურის გამო ხშირად ვერ ახერხებს, მაგრამ თავგადაკლული ადამიანია ოჯახისთვის, რაც შეუძლია, ბოლო წვეთამდე ოჯახისთვის იხარჯება, ისევე, როგორც მე. მართალია ძირითადი დაღლა ისევ ჩემზე ტყდება, მაგრამ მე ეს დაღლა მირჩევია და ჩემი პროფესია, რომელიც დამოუკიდებლობას მძენს და მამხნევებს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფინანსურად. კიდევ ბევრი წვალება მელოდება წინ, კიდევ ბევრს დავაშენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ჩემს ოჯახურ კედელს, ვიწვალებ და ამ თავისუფლებას არაფერში არ გავცვლი, რაც დამოუკიდებლად ცხოვრების მანძილზე მომიპოვებია.
