
ავტორი: ლელა ლომია
ლუკა საერთო მეგობრისგან გავიცანი. კაფეში ისხდნენ გარეთ, და მე როცა შევუერთდი, უკვე ბევრი ღვინო და ლუდი ჰქონდათ ერთმანეთში არეული. მე ჩვენს საერთო მეგობართან სალაპარაკოდ მოვედი, და ლუკა კი გაუჩერებლად რაღაცა ვითომ საინტერესო უაზრობებს ყვებოდა - როგორ სწავლობს ჟურნალისტიკას, რომ დაშორდა შეყვარებულს, მომავალში სად იმოგზაურებს, რა არის დედამისის განუკურნებელი ნევროზის მიზეზები (და ჩემი ერთადერთი კითხვა იყო - ლუკა, როდის წახვალ ამ კაფედან?! და კითხვა მეგობართან - რატომ მოიყვანე?!) ლუკა გარეგნობითაც ასეთი „ვითომ საინტერესო" იყო - საშუალოსტატისტიკური ბუნებრივად ლამაზი ადამიანების ჯგუფიდან, მოხორბლისფრო-უფერული. უფერული - ეს სანამ სიტუაცია ისე არ განვითარდა, რომ ორი საათის მერე, და უკვე არა გარეთ, ლუკა დავინახე სულ შიშველი: ლუკას ჰქონდა სრულყოფილი სხეული. საერთოდ, სრულყოფილი სხეულები მე არ მაკვირვებს - რა კარგია, მხიარული წარსული მაქვს! - მაგრამ ამისთანა სილამაზეს პირველად ვხედავდი. კანიც კი სრულყოფილი ჰქონდა. ლუკას სხეულის ერთადერთი (და საოცარი!) ნაკლი იყო დიდი გამგარებული ბურთულა მარჯვენა მკერდზე. (სიმსივნე? ძირმაგარა? ლიპომა? არ ვიცი.) ლუკას მკერდიც ზღაპრული ჰქონდა - კი, მკერდიც ჰქონდა, იმიტომ რომ ლუკა იყო გოგო. მაღალი, გრძელთმიანი, გამხდარი და მაინც „ქალურ"-ფორმებიანი გოგო ნიდერლანდების აღმოსავლეთის რაღაც სოფლიდან. (როგორი სასაცილოა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მქონდა ყოვლისმომცველი ფლირტი გოგოსთან, და იმასაც ქართველი თინეიჯერი ბიჭის სახელი ერქვა.)
ბოლოს ლუკამ მკითხა, რას ვფიქრობდი ჯასტინ ტიმბერლეიკის უკანასკნელ ალბომზე; და მე დავრწმუნდი, რომ ქალშიც გარეგნობაზე უფრო ტვინია მიმზიდველი (ჯასტინ ტიმბერლეიკის ფანები შტერები მგონია), და გავაგრძელე ჩემი ფალოცენტრისტულ-ჰეტეროსექსუალური ცხოვრება (ოღონდ ცოტა დაშოკილმა.)
ამ ჩემი უმშვენიერესი ჰეტერო-ცხოვრების ჰომო-ელემენტებით კიდევ უფრო გამშვენიერების მცდელობები ჯერ-ჯერობით სულ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს (მარტივად: ვბანძდები. ზემოაღწერილი ლუკა არ ითვლება, იქ „თავისით მოხდა"):
- სასტუმროს ოთახში დასალევად ამოსულმა მაშამ ემოციურად მომიყვა, როგორი გამოუცდელია, თავი ამაყად აწია, ძლიერად მიარტყა მის ზევით ჩამოკიდებულ თაროს, საშინლად გაბრაზდა, ოთახიდან გამოიქცა, და იმის მერე ძლივს მესალმებოდა.
- დარბაზში ველოსიპედზე პროფესიონალივით მოვარჯიშე ლუბამ ყველაზე კარგი კომპლიმენტი მითხრა - თბილისის მარათონი შარშან შენ არ მოიგეო?! (არა, რა თქმა უნდა) - აჰ-მეთქი, რა მაგარი ქალია, თან ისე უბრალოდ ხომ არ შემეკითხებოდა, თან განათხოვარია, ალბათ კაცებზე განაწყენებული; აქედან-იქედან შემოვუარე, მაგრამ ლუბას თვალები მარტო მაშინ გაუბრწყინდა, ჩემი პროფესიონალი ველორბოლელი (ex) მეგობარი გიო რო ვახსენე: გიო როცა იყო 17 წლის (და ლუბა, ალბათ, 37-ის), ერთად ვარჯიშობდნენ (უკვე არარსებულ) ველოტრეკზე. ისე თბილად მოიკითხა ლუბამ, მგონი, გიომ მასაც არ მოაკლო ფიზიკური ყურადღება (ასეთი იყო საერთოდ: „ქალს არ უნდა მოაკლო"-მიდგომით ყველა ქალის მიმართ, განურჩევლად ყველაფრისა; გიოსაც ლუკასავით სრულყოფილი სხეული ჰქონდა).
- ამისთანა ფიასკოების მერე რა გასაკვირია, რომ შტანგისტმა გოგომ (გარეგნობით ტიპიური ლესბოსელი - რატომღაც მაინც როგორ სტერეოტიპულად ვაზროვნებ...) ჩემს მიერ მისი ბარძაყების კუნთების აღფრთოვანებით ათვალიერება-ჩათვალიერების მერე დამიწყო მოყოლა თავის პორტუგალიელ boyfriend-ზე.
ახლა ვიცი, რომ ქალიც ყველა ერთნაირია.
და ამ მარტო ჩემი გართობ(ებ)ის პარალელურად კი გარშემო რა ხდება:
ჩემს მშობლებს ჩემთან დაკავშირებული სულ ორი შიში ჰქონდათ - რომ ან ნარკომანი გავხდებოდი ან სექტანტი. ალბათ, „პერესტროიკის" დროს ბევრ გადაცემას უყურეს ამ თემებზე. მერე საიდანღაც ლესბოსელობის არსებობაც გაიგეს და დაიწყო დიდაქტიკა იმის შესახებ, თუ როგორი მიუღებელია, რომ როცა მე ვბანაობ, ჩემი დაქალი შემოდიოდეს აბაზანაში სალაპარაკოდ. და, საერთოდ, სად დავდივართ მე და ჩემი დაქალი ყოველ დღე და მთელი დღე! დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდათ. (მერე ინტიმური ზონის - არასწორად „ღრმა ბიკინის" რომ ეძახიან - ეპილაციის დროს შემთხვევით დავინახე პროცედურის დეტალები; და მივხვდი.)
ისე, საკითხზე სენსიტიზაციის მიზნით კი იქნებოდა სასარგებლო, მშობლებისთვის მეკითხა, ჩემთვის რა ურჩევნიათ: (ა) ნარკომანი და უსაქმური ქმარი, (ბ) ცოლიანი და ფულიანი საყვარელი, თუ (გ) ჩვეულებრივი („წესიერი") გოგო. ალბათ, მაინც ნარკომანი და უსაქმური ქმარი. ან ცოტა ხნით ცოლიანი საყვარელი - „ბავშვი მაინც დაგრჩება" პრინციპით (ბრრრრრ... ეს კიდე რა უბედურება გამოიგონეს.) „გ" ვარიანტის ხსენებაც კი მათ ჩემდამი - როგორც ამბობენ, უპირობო - სიყვარულს, დარწმუნებული ვარ, 5-ჯერ შეამცირებდა. საბედნიეროდ, ამ სიყვარულს მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩემზე მათი სრული ფინანსური დამოკიდებულება (150 ლარი პენსიის გარდა). ბოლომდე ვერ უარმყოფდნენ.
სენსიტიზაციის მეორე გზა იქნებოდა, წაეკითხათ საოცარი ქართული გაზეთი „შანსის" (1989-1999 ?) ის „წერილი რედაქციას", რომელშიც ქართველი ქალი აღწერს, აუზის გასახდელში როგორ შედიოდა შიშველი ქალების დასათვალიერებლად, და ბოლოს საზღვარგარეთ წავიდა ქალებისადმი ლტოლვის გამო (მერე ევროპაში აღმოაჩინა, რომ კაცებიც მოსწონს). მე მგონია, რომ „ შანსმა" ეს წერილი საიდანღაც დააპლაგიატა; მაგრამ მთავარი ის არის, რომ არანაირი მორალისტური ან აღშფოთებული ან შემცოდებელი კომენტარები „შანსმა" მას არ დაურთო. ჰომო-ასპექტი არც იყო იმ წერილის არსი - უფრო ემიგრაცია და ნოსტალგია. არც წერილის გამოქვეყნების მერე „შანსის" რედაქციასთან არაფერი სკანდალი ან დარბევა არ მომხდარა.
თუმცა მე ჩემი ახლობლების სენსიტიზაციის საკითხს გადავდებ იმ დროისთვის, როცა ვიქნები 70 წლის და საერთოდ არც ერთ მამაკაცს აღარ დავაინტერესებ: ახლა თუ წელიწადში სამჯერ დამპატიჟებს ვინმე სადმე (და ამ სამიდან ორს, როგორც წესი, მე კი არა - ჩემი სამსახურებრივი ინფორმაცია, კავშირები და რჩევები სჭირდება, და მესამე, როგორც წესი, ყოვლად არაადეკვატურია), 70 წლისას ასეთებიც სანატრელი გამიხდება. შესაბამისად, ქალ(ებ)თან ურთიერთობა მექნება მარტოობის დაძლევის ერთადერთი საშუალება (გამომდინარე სტერეოტიპიდან, რომ „ქალები შინაგან სამყაროს უფრო აქცევენ ყურადღებას".) აბა განაში ხომ არ ვივლი იქაურ (ულამაზეს) მამაკაც პროსტიტუტებთან?!
***
ამ კვირა დღეს 17 მაისია - ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე.
***
